ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხთა შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იქნებიან. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადა სამი თვით განისაზღვრა.
„საწარმოებში არაერთი შშმ პირია დასაქმებული და ბევრი ორგანიზაცია ხელს უწყობს ამ პროცესს. სახელმწიფოც, ბუნებრივია, ზრუნავს მათზე და ხელშეწყობაც აქვთ. ყველაფერი კეთდება შშმ პირთა უფლებებისათვის შრომაზე, მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი ჩართვისა და მონაწილეობისათვის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის და ა. შ. საკითხი თავისთავად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, დამატებით განხილვას საჭიროებს, რაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოხდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტმა დღესვე სხდომაზე კანონპროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ წარადგინა.