ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ” კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

22/11/2022

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის (ნააკი) ფარგლებში, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს, „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ” კანონის აღსრულების კონტროლი განახორციელა.

„საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო კანონი, რომლის მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის, ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშეწყობის, დაცვის და პროპაგანდის, აგრეთვე ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების რეგულირების გზით. კანონის მიღებიდან გასული დრო საკმარისია იმისათვის, რომ შევაფასოთ რამდენად მიაღწია მან დასახულ მიზნებს, თუ ვერ მიაღწია, რა გარემოებებმა შეუშალა ხელი, სად გვაქვს პრობლემა, სწორედ ამას ემსახურება კომიტეტის მიერ განხორციელებული კანონის აღსრულების კონტროლი“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ანგარიშის პრეზენტაციაზე.

​როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნააკზე მომუშავე ჯგუფმა 2021 წლის ნოემბრიდან მოცულობითი სამუშაო შეასრულა, მიიღო ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან, კლინიკებიდან და ორგანიზაციებიდან, კონტროლის დასრულების შემდეგ კი ანგარიში და რეკომენდაციები შეიმუშავა. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცესის მიმოხილვა და ძირითადი მიგნებები, კონტროლის ჯგუფის შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები კონტროლის ჯგუფის ძირითადმა ექსპერტმა, მედიცინის დოქტორმა ნანი ყავლაშვილმა წარადგინა. ​მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ რეალურად კანონი ჯანმო-ს და იუნისეფის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, თუმცა, არ არის კანონქვემდებარე აქტები, რომლებმაც კანონის სრულყოფილად აღსრულებას უნდა შუწყოს ხელი. მომხსენებლის ინფორმაციით, 6 თვემდე ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე ახალშობილთა მხოლოდ 20%-ია, რაც ნამდვილად საგანგაშოა და ეს რიცხვი რომ გაიზარდოს ამისთვის მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, აუცილებელია ბუნებრივი კვების პოპულარიზაცია და ადვოკატირება, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაზრდა, ხელოვნური საკვების შემომტანი და დისტრიბუტორი კომპანიების მუშაობაზე მონიტორინგის გაძლიერება, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში პატრონაჟის სისტემის აღდგენა, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მოხმარებაზე კონტროლის დაწესება, ეროვნული რძის ბანკის შექმნა და სხვა. ​როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული კანონი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა, შედეგის მისაღებად აღსრულების მექანიზმებია დასახვეწი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი კვების მიმართ ყურადღება მოდუნდა და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ბალანსი დაირღვა. ​მისი თქმით, ერთობლივი, აქტიური მუშაობა იქნება საჭირო იმისთვის, ბუნებრივი კვების მიმართ მიდგომები შეიცვალოს და სამინისტრო ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. შეხვედრის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრეს. აღნიშნული ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0