ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ განიხილა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას ხელი 30 მარტს მოეწერა, რომლის ფარგლებშიც IBRD-მა საქართველოს 358,500.000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო სესხის სახით. სესხის ხანგრძლივობა 27,5 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 12,5 წელი. მომხსენებლის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური. აღნიშნული მიზნის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. პროგრამის განმახორციელებლები არიან: ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები. კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი. ამავე სხდომაზე, კომიტეტმა ორ საკანონმდებლო წინადადებაზეც იმსჯელა, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასიის“ (მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (თენგიზ მთვარელიშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადების – „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის თაობაზე. ერთი მათგანი ითხოვს, რომ სახელმწიფომ ბიზნესს დაუწესოს გარკვეული რეგულაციები, მეორე კი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის – პირველი ივნისის უქმე დღედ გამოცხადებას. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაცო დოკუმენტს მხარი დაუჭირა
23/05/2022