ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პრეპარატ „ნარკანის“ აფთიაქიდან გაცემის წესებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია მოისმინა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, კომიტეტთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, „გადაუდებელი დახმარების ჩანთის“ ფარგლებში, რეკომენდაცია გაეწია ნალოქსონის ურეცეპტო გაცემისთვის.
„ნალოქსონი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ოპიოიდური ზედოზირების შემთხვევში და ის ეხმარება გარკვეულწილად სიცოცხლისთვის იმ საშიში გართულებების განვითარებას, რომელიც ასეთი ზედოზირების დროს შეიძლება მოხდეს. იყო საუბარი იმაზე, რომ ნალოქსონზე წვდომის შეფერხება მთელ რიგ შემთხვევებში იწვევს დახმარების აღმოჩენის დაგვიანებას და ამდენად, დადგა საკითხი ნალოქსონის რეცეპტის გარეშე აფთიქიდან გაცემის შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #166 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ნალოქსონი დაემატა „გადაუდებელი დახმარების ჩანთის“ მედიკამენტების ნუსხას და მისი მიღება შეუძლია აფთიაქში რეცეპტის გარეშე ნებისმიერ პირს, რომელსაც ის სჭირდება კონკრეტულ მომენტში.