ჯანდაცვის სამინისტრო 100.000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს. ამასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ საკვები მიკროელემენტების გაცემის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვების საკვების მიკროელემენტების ფხვნილით (MNP) გაჯერება კვებითი არასრულფასოვნების კონტროლისა და პრევენციისათვის მოკლევადიანი გეგმით განისაზღვრა. ეს არის მნიშვნელოვანი ინტერვენცია, რომელიც მიმართულია კვებითი სტატუსის გაუმჯობესებისთვის. 6 თვემდე ბავშვისთვის დედის რძე უზრუნველყოფს ყველა საჭირო მიკროელემენტრის მიწოდებას. შემდეგ დგება საჭიროება დამატებითი საკვების მიღების, სწორედ ამ დროს, როცა ბავშვი იზრდება და ვითარდება ვიტამინებზე მოთხოვნა არის გაორმაგებული. როცა კვება არ არის მრავალფეროვანი, დგება ნივთიერებების დეფიციტი. ეს ინტერვენცია კი არის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა,“ – განმარტა ნინო ბერძულმა.
სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის 13.000 ბავშვისთვის, სტატისტიკური მონაცემების და ფხვნილის მიღების ინსტრუქციის გათვალისწინებით, სულ 78 000 კოლოფი (2 340 000 პაკეტი) შეიძინა. ერთდოზიან პაკეტებად დაფასოებული მიკროელემენტების ფხვნილის ნარევი სახლში მომზადებულ საკვებთან ერთად მიიღება და ბავშვებში მიკროელემენტების დეფიციტის შევსებას უზრუნველყოფს. ბენეფიციარები მიკროელემენტებს საქართველოს ყველა რეგიონში, „მედფარმა პლუსის“ კონტრაქტორი აფთიაქების მეშვეობით მიიღებენ. ერთჯერადად, ერთ ბავშვზე, საკვები დანამატის წლიური მარაგი – 180 პაკეტი გაიცემა.
საკვები დანამატების მიღების შესახებ ბენფიციარებს დამატებით ინფორმაციას სოციალური აგენტები და სოფლის ექიმები მიაწვდიან.
საკვები მიკროელემენტების ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს. მიკროელემენტების დამატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერაა მოწოდებული და მიზნად კვებითი დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს.