ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან

12/07/2016

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტები საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს თავიდან შეაფასებენ .

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოწვევით, საქართველოში იმყოფება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტა მისია, რომელიც ეძღვნება ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ინდიკატორების შეფასებას.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნდა ანგარიში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“, სადაც საქართველოს უჭირავს პირველი ადგილი ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით.

მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან გამართა, სადაც ექსპერტებმა განმარტეს, რომ კვლევაში იყო უზუსტობა, კერძოდ სამი კომპონენტიდან, ერთ-ერთ ინდიკატორად 2003-2005 წლების მონაცემები იყო გამოყენებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებით საქართველოს არ უჭირავს პირველი ადგილი. ახალი მონაცემები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში კი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) „მსოფლიო ჯანმრთელობის სატატისტიკა-2016“ მონაცემებს, სადაც გამოყენებულ იქნა ჯანმო-ს ახალი მეთოდოლოგია, რომელიც გარდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ტრადიციული მაჩვენებლებისა, 2012 წლიდან იყენებს შინამეურნეობებში გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით მყარი საწვავის გამოყენების გამო შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების სავარაუდო დონეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ორი დღის განმავლობაში შეხვდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკისა და ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის წარმომადგენლებს. მისია საქართველოს ხვალ დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0