თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ ღალატობს თავის ჩვეულ სტილს და საზოგადოებას დღესაც ტყუილებზე აგებულ ინფორმაციას აწვდის.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ტყუილების კასკადი უფრო იზრდება. ამის ნათელი მაგალითი თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კვანძების კვლევის თაობაზე მათ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა, რომლის თანახმად, მხოლოდ სააკაძის მოედანზე ამ მიმართულებით 100 ათასობით ლარი დაიხარჯა’’,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, თბილისის 6 მნიშვნელოვანი მონაკვეთის – სააკაძის მოედნის, 26 მაისის მოედნის, ჟვანიას მოედნის, გამსახურდიას, კანდელაკის და შარტავას ქუჩების სატრანსპორტო კვანძებისა და ნაკადების შესწავლა ქართულ მხარეს რეალურად 80 000 ლარი დაუჯდა.
ჯაბა სამუშიას თქმით, მსგავსი კვლევები მომავალშიც გაგრძელდება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული მანკიერი პრაქტიკა აღარ განმეორდება.
საკრებულოს წევრმა სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნული მოედნის რეკონსტრუქციისთვის მილიონი ლარია დახარჯული, სიმართლეს არ შეესაბამება.
“სინამდვილეში ეს პროექტი 60%-ით ნაკლები დაჯდა.
რაც შეეხება ხიდების აღდგენას, ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ამორალურია.
მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც მილიონობით ლარი რიყეზე გაურკვეველი ფორმისა და დანიშნულების შენობის ასაშენებლად, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორების დასაფინანსებლად იხარჯებოდა, მეტეხის და ბარათაშვილის ხიდები კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, რაც ნებისმიერ დროს ტრაგედიის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ‘’,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, თბილისის ახალმა მთავრობამ მსგავს ფასადურ პროექტებზე უარი თქვა და სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
ჯაბა სამუშიამ თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
14/09/2016