ხონში მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს’’- პირველი შეხვედრა გაიმართა. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვედრის მონაწილეებს საბჭოს უფლებამოსილებებზე ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და აღნიშნა, რომ სათათბირო ორგანოს წევრები ხონის მუნიციპალიტეტის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას.
,, ხონის არ არის მხოლოდ გამგეობა და საკრებულო, ხონის ეკუთვნის ყველა აქ მცხოვრებს. ჩვენ საჭიროდ ვთვლით და კანონმდებლობაც გვიწყობს ხელს მუნიციპალიტეტში არსებობდეს მრჩეველთა საბჭო. ეს საბჭო უნდა გახდეს აქტიური რგოლი, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს, აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში. ძალიან ბევრი უფლება გაქვთ თქვენ – ბიუჯეტის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის სოციალურ- ეკონომიური თუ კულტურული მდგომარეობის ანალიზი და ა. შ. ბევრ საინტერესო ინიციატივებს, წინადადებებს ველით თქვენგან ,, – მიმართა საბჭოს წევრებს ჯემალ მებუკემ.
“სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო’’ საქართველოს ორგანულ კანონში – ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, 2015 წლის 22 ივლისს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. კანონს დაემატა ახალი რეგულაციები, რომლითაც გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობაში.
სათათბირო ორგანოს 20 -წევრიან შემადგენლობაში ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირები, კულტურის, ჯანდაცვის, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, რომლებიც სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ბიუჯეტის, ქალაქის სივრცითი დაგეგმარების, ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შერჩევასა თუ განხილვაში. საბჭოს შეუძლია საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს გამგეობას და შემდგომ მათ განხილვაშიც მიიღოს მონაწილეობა.
გამგეობის მრჩეველთა საბჭო, რომელიც კანონის თანახმად, არანაკლებ 3 თვეში ერთხელ იკრიბება, დებულებით იხელმძღვანელებს, სადაც განსაზღვრულია მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები.