“ხონელობა 2016” გაიმართა

06/05/2016

დილიდან საზეიმო წირვა- ლოცვა მიმდინარეობდა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა. მოგვიანებით კი , სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეჟისორ ნანა მჭედლიძის საფლავს პატივი მიაგეს.
სადღესასწაულო კულტურული და სპორტული ღინისძიებები ცენტრალურ ბულვარში სასულე ორკესტრის ფონზე დილიდან დაიწყო.
ყვავილების, ყველის , ჩაის გამოფენა – გაყიდვა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ეთნოგრაფიული და ტრადიციული გასტრონომიული კუთხე , საბავშვო ბაღების აღმზრდელთა , სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ,ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა… კარატე, ხრიდოლი, ნარდი, შაში, მკლავჭიდი… ღონისძიებებს, ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან ერთად, იმერეთის სამხარეო გუბერნიის წარმომადგენლები, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები , საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სიმბოლურად დღევანდელ დღეს, საჩუქრები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ სიგელები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა კულტურისა და სპორტის სფეროში წარმატებულ ხონელ ახალგაზრდებს.
დღესვე, შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო ივანე შარაშიძის საფლავს.
გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია კარის დღე ხონის ისტორიული მუზეუმში . უძველესი და ძვირფასი ექსპოზიცია საგანგებოდ ამ დღისთვის გამოეფინა. სტუმრებმა მუზეუმის ეზოც დაათვალიერეს , სადაც იმერული ეთნოგრაფიული ექსპონატებია წარმოდგენილი.
ტრადიცია გაგრძელდა – საკრებულოსთან არსებულმა „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ წარდგენილ კანდიდატებს შორის სამი საპატიო ხონელი გამოავლინა. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძვნებელსა და კანცლერს ვახტანგ წივწივაძეს, დამსახურებულ სპორტსმენს , პოეტსა და კოლორიტ ხონელს ამბერკი ტაბიძესა და მსახიობსა და რეჟისორს გიორგი რატიანს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა. საპატიო ხონელებს წოდების მინიჭება იმერეთის სამხარეო გუბერნიის წარმომადგენელმა დავით გორდელაძემაც მიულოცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0