ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ქალაქი გახადოს ისეთი, როგორიც თითოეულ ჩვენგანს უნდა

21/10/2017

„დარწმუნებული ვარ, ჩემი არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს და უზრუნველყოფს მის განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, № 2 ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელიც სულ სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისს და შეუძლია გახადოს ეს ქალაქი ნამდვილად ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს.
ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და მე პირადად, დარწმუნებული ვარ, ჩემი არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს და უზრუნველყოფს მის განვითარებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგება, ინცინდენტები თავიდან იქნება არიდებული.
„არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ გარემოში, წარიმართა სამართლიან გარემოში და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღეც ჩაივლის ასე, თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი, თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, ბუნებრივია, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტი და ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ და სამართლიან გარემოში. ჩვენი პარტია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0