დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ იქნება რეკომენდაცია, რომ თბილისში შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, თბილისის მერია ამას გაითვალისწინებს. მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი გადაადგილებისგან.
“როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით-მეტროთი და ავტობუსებით- შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენური ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის. ხვალიდან, ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს. თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას ჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ მოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”- განაცხადა კალაძემ.