მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ანანურში, ციხისძირში და ჭართალში არსებულ ვითარებას გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ, მათგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინეს და მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.
დასრულების ეტაპზეა ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო გადასახედი, სკვერი და პარკირების სივრცე, ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდა. აქტიურად გრძელდება შიდა გზების მოასფალტება ანანურში. მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა ციხისძირში. სოფელში დაგეგმილია საბავშვო ატრაქციონების მონტაჟიც. სრულდება საჯარო სკოლის რემონტი ანანურში. პროექტი ითვალისწინებს სკოლაში სველი წერტილების მოწყობას და სხვა აუცილებელი სამუშაოების შესრულებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჭართლის საბავშვო ბაღს. ასევე, დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ჯუღისის ხევზე. ანანურისა და ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრეს, რომელთა მიზანი მოსახლეობის მხარდაჭერაა. ადგილობრივებთან ერთად განიხილეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები. ღია შეხვედრების ფარგლებში, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონის მასშტაბით არსებული აქტუალური საკითხების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან ისმენენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღია შეხვედრები ანანურისა და ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გამართეს
09/10/2019