გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი შიოლაშვილი და ბექა ოდიშარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა დეტალურად გავაცნოთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები და ის სარგებელი, რასაც ბენეფიციარები იღებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ძალიან კარგი შედეგები აქვს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში დაახლოებით 500 ჰა ფართობზე გაშენებულია მრავალწლიანი ბაღები. მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი გააჩნია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრის გამართვის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათ მიერ განსაზღვრული საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება. შეხვედრების ფარგლებში, სოფლების: ანაგა, საქობო და ვაქირი ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებული პრობლემები და საჭიროებები დაასახელა. გამოიკვეთა წყალმომარაგებისა და მიწების რეგისტრაციის პრობლემები.