ხელისუფლების გაყალბებული სიები ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის განცხადებები, რომლის მოწმეც საზოგადოება სიებთან დაკავშირებით ამ დღეების განმავლობაში გახდა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ხელისუფლება სერიოზულად ემზადება არჩევნების გაყალებებისათვის.
“არაერთგზის თქმულა იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემის თაობაზე, რასაც ჰქვია ამომრჩეველთა სია. „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს აპირებს ამომრჩეველთა იმ სიით ჩაატაროს არჩევნები, სადაც 3 500 000 ამომრჩეველია, წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ ამომრჩეველთა სია არის ნომერ პირველი პრობლემა არჩევნების ლეგიტიმურობისა. ყველას ძალიან კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ის ამომრჩეველთ სიას ხელახლა გადაამოწმებდა და ახალი სიით ჩაატარებდა არჩევნებს, თუმცა მან არც ეს დაპირება არ შეასრულა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, ორი არჩევნები ძველი სიით უკვე ჩატარდა და „ქართული ოცნება“ ახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც იმავე სიით აპირებს.
“ყველასათვის ცნობილია, რომ სამწუხაროდ, საქართველოში 3 500 000 მოსახლეც კი არ არის, აღარაფერს ვამბობ ამომრჩეველზე. დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა 223 სოფლამდე გაიზარდა. 74-დან 157-მდე გაიზარდა იმ სოფლების რაოდენობა, სადაც ერთი ან ხუთი მოსახლე ცხოვრობს. რომელ 3 500 000 ამომრჩეველზე ვლაპარაკობთ, თუნდაც ის 200 000 ხმა, რომელიც განსხვავებულია საქსტატისა და იუსტიციის სამინისტროს მონაცემებში, ეს 200 000 ხმა დაახლოებით მინიმუმ 7-8%, უფრო სწორად კი თითქმის 10 პროცენტია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დღეს სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოგვატყუა უკვე საარჩევნო სიასთან დაკავშირებით და სრულიად ნათელია, რომ დაახლოებით, 700 000 ხმით მანიპულირებას აპირებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, “ეს კი ნამდვილად ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს”.
“მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს ახლა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დრო გაეშვა, მაგრამ ის, რომ დღეს საქართველოში არის არასწორი და წინასწარ გაყალბებული საარჩევნო სია, რომლითაც აპირებენ არჩევნების ჩატარებას, ეს არის ფაქტი და ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.