ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს, 5 თებერვალს, ალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: უწლევში, ნაბახტევში, კლდისწყაროსა და ზემო აძვისში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ლოლაძე, მერის წარმომადგენელი ალის ადმინისტრაციულ ერთეულში იაგო ქიტიაშვილი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. კრებებზე მოსახლეობამ იმსჯელა სოფლებისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე. სოფელ უწლევში სოფელში მისასვლელი გზის რთული მონაკვეთების ბეტონის საფარით მოწყობა დასახელდა პრიორიტეტად, ნაბახტევში – სანიაღვრეების მოწყობა, კლდისწყაროში მოსახლეობამ მდინარე ტილიანაზე ხიდის მოწყობას დაუჭირა მხარი, ზემო აძვისში კი – სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, კრებებზე მოსახლეობამ იმსჯელა სოფლებისთვის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე
05/02/2020