ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“, ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება.
ფესტივალს გახსნის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისა და კავკაზ ჯაზის ფესტივალის ორგანიზატორები და სტუმრები. ოფიციალური გახსნის შემდეგ მოეწყობა ფესტივალის პავილიონების დათვალიერება.
წელს, ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით „Check In Georgia” ფარგლებში იმართება.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები და სახელოსნოები რაბათის ქვედა ციხის ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები 8 ქვეყნიდან: ესპანეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, თურქეთი. ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია. ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც გამოფენილი იქნება მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან. საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე და ა.შ.
ფესტივალის მონაწილე მუზეუმები, სამი დღის განმავლობაში, ყოველ დღე ჩაატარებენ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებისთვის. ფესტივალის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება”. კონფერენცია მოიცავს ახალ სამეცნიერო კვლევებს; ხალიჩების და ფარდაგების მწარმოებელი გაერთიანებები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, ბუნებრივი საღებავებით ღებვის ლექცია-დემონსტრაციებს და დისკუსიებს ხალიჩების რეწვის დღევანდელი გამოწვევების შესახებ.
რაბათის ზედა ციხეზე დაგეგმილია გამოფენები სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებიდან.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში ასევე ჩართულია მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად, 11 ივნისს, რაბათში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. დასწრება უფასოა.
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“
10/06/2016