ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში – ,,კანონმდებლობის ანალიზი და ბავშვის უფლებათა კოდექსზე დიალოგის გახსნა“

11/07/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში – ,,კანონმდებლობის ანალიზი და ბავშვის უფლებათა კოდექსზე დიალოგის გახსნა“.
გამართული დისკუსიის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოში ბავშვის უფლებათა მდგომარეობას, ამ მნიშვნელოვანი სფეროს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოს, ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

დისკუსიის გახსნისას, მისასალმებელ სიტყვაში ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის სარეკომენდაციო მოსაზრებებზე, ასევე ბავშვის უფლებათა თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა – ,,მე ვფიქრობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება, თუ ბავშვის უფლებათა კომიტეტის განხილვის ფარგლებში, გაჟღერებული მოსაზრებები, ასევე კომიტეტის დასკვნით მოსაზრებებში გამოთქმული რეკომენდაციები სათანადოდ იქნება მხედველობაში მიღებული ბავშვის უფლებათა საკანონმდებლო ჩარჩოს გაანალიზებისას და ბავშვის უფლებათა კოდექსზე მსჯელობისას“.

ამასთან, ხათუნა თოთლაძის განცხადებით – ,,მსურს, გთხოვოთ, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების უფლებათა საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე დიალოგისას“.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0