ჭუბერის მოსახლეობამ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა

16/05/2016

ჭუბერის მოსახლეობამ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს. პროექტის ინვესტორის „ქეი ვოთერისა“ და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოსახლეობის მოთხოვნით ჭუბერში გაიმართა. მათ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებას და განვითარებას შეეხება. შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, პროექტის თანხმხლებ რისკებზე განმარტებები გააკეთეს ინვესტორის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ადგილობრივების გარკვეული ნაწილი „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
280 მგვტ.-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური მდინარე ნენსკრაზე შენდება. პროექტის ინვესტორია კორეული კომპანია „ქეი ვოთერი“, სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ ქართულ სამშენებლო კონსორციუმ „ჯისისისთან“ ერთად ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0