მოსახლეობასთან ბოლო კონსულტაციები დღეს სოფელ რგანსა და ვაჭევში ჩატარდა. ორივე სოფელში გამართულ კონსულტაციას ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ჭიათურის მერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა, სოფლის პროგრამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა და მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სოფელ რგანის მაცხოვრებლებმა ღია კენჭისყრის შედეგად სოფელში წყლის სისტემის მოწესრიგებას დაუჭირა მხარი. კერძოდ, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოეწყობა ჭაბურღილი, რის შემდეგად რგანის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყლის პრობლემა მოუგვარდება. წყლის სიტემის მოწესრიგებას დაუჭირა მხარი სოფელ ვაჭევის მოსახლეობამაც. ადგილობრივების გადაწყვეტილებით ხერგულის უბანზე წყლის სათავე ნაგებობა მოეწყობა, რაც უბანში წყალმომარაგების პრობლემას გადაჭრის.
24 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით, კონსულტაციები სულ ჭიათურის მუნიციპალიტეტის 60 სოფელში ჩატარდა.
მომდევნო ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის პროექტი, თითოეულის სავარაუდო ღირებულების მითითებით და დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარი იქნა გამოყოფილი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სოფლის კრებები დასრულდა
22/02/2019