ჭიათურაში ღვაწლმოსილი პედაგოგის იუბილე აღინიშნა

23/05/2016

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში განათლების სფეროს ღვაწლმოსილი მუშაკის, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის,ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქის,ნანული წერეთლის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა,ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა მალხაზ წერეთელმა, ნანული წერეთლის კოლეგებმა,ყოფილმა მოსწავლეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა იუბილარის განვლილ გზაზე, მის ღვაწლზე ,ასევე დღევანდელ წარმატებებზე ისაუბრეს და ღვაწლმოსილ პედაგოგს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს. ჭიათურის საპატიო მოქალაქეს ნანული წერეთელს იუბილე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამაც მიულოცა.
„ქალბატონი ნანული გახლავთ ჭეშმარიტი ნოვატორი და რეფორმატორი ამ სიტყვის უმაღლესი გაგებითა და მნიშვნელობით.მას გააჩნია მაძიებელი და შემოქმედებითი სული,ახალგაზრდული ხალისი და შემართება,უშრეტი ენერგია და თავგანწირული მსახურების უნარი“-ასე დაახასიათა მეუფე დანიელმა იუბილარი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ისაუბრა იმ დიდი ღვაწლის შესახებ,რომელიც ქალბატონ ნანულის მიუძღვის ჭიათურის განათლების წინაშე „იოლი როდია მთელი ცხოვრება ღირსეულად ემსახურო შენს ქალაქს,ათწლეულები უხელმძვანელო განათლების სფეროს,თანაც უხელმძვანელო უნარიანად და წარმატებულად.ეს რჩეულთა ხვედრია და სწორედ ამ რჩეულთა რიცხვს განეკუთვნება ქალბატონი ნანული,ჭიათურის გამორჩეული ადამიანი,რომელიც დღესაც მთელი შემართებით წარმართავს ახალგაზრდების აღზრდას- აღნიშნა სულხან მახათაძემ.
სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.ცნობილმა კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ, თეატრალურ კვარტეტთან ერთად, უამრავი ლამაზი სიმღერა უძღვნა იუბილარს.ემოციური შეხვედრის ბოლოს, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა მადლობა გადაუხადა ყველას სითბოთი და სიყვარულით აღსავსე ულამაზესი საღამოს მოწყობისათვის.
ნანული წერეთლის საიუბილეო წელთან დაკავშირებით,გამოიცა წიგნი „დაე,დარჩი შუქად“,რომლის პრეზენტაციაც იმავე დღეს გაიმართა თეატრის ფოიეში.წიგნში შესულია კოლორიტი ქალბატონისადმი მიძღვნილი მილოცვები,წერილები,ლექსები და ჩანახატები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0