ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება, რაც დაახლოებით, 350 მეტრია. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„დღეიდან ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს და ამით უკვე პროექტი მთლიანად დასრულდება. ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა დაიწყო. პარალელურად, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების დამონტაჟებას ვიწყებთ. ასევე, ელექტროგადამცემი ბოძების, LED სანათების, ავტობუსის გაჩერებების მონტაჟს. მაისისთვის კი, ჭავჭავაძის გამზირი იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა, კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები, გაზსადენი, ამის შემდეგ კი ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს დეპუტატი თინათინ ნიბლოშვილი გაეცნენ.