წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება

01/05/2018

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. გზის რეაბილიტაცია ორ ნაწილად განხორციელდა: წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, ასევე, წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩატარებული.

„ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა 13 ივნისს, როდესაც მთის მასა მოწყდა. თქვენ ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები. დაახლოებით 26 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ძალიან მალე გზის საფარი და ყველა სხვა სამუშაო იქნება დასრულებული და სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება ეს მონაკვეთი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28.5 მილიონი ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0