სასტუმრო „ამბასადორში“, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.
საქართველოში ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს „ტრანსსასაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციასთან დაკავშირებულ სამუშაო პროგრამების შესრულებას.
ასევე, “2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის” დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა და ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ქვეყანაში, როგორიცაა: წყლის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და წყლის რესურსების სააუზო მართვის მიდგომების დანერგვა.
შეხვედრაზე წყლის კანონმდებლობის განვითარების პროცესი; წყლის ახალი კანონქვემდებარე აქტების კონცეფცია; – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „წყალი და ჯანმრთელობის შესახებ” ოქმთან დაკავშირებული საკითხები; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება და ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მე-2 ეტაპის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამა“ ევროკავშირის პროექტის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს სესია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს.