წყალტუბოში, USAID-ისა და იუნისეფის მხარდაჭერილი მასშტაბური ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

15/07/2022

წყალტუბოში, USAID-ისა და იუნისეფის მხარდაჭერილი მასშტაბური ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის “ჰელფინგ ჰენდი” აღმასრულებელი დირექტორი თინათინ მესხი დაესწრნენ. პროექტს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის ფარგლებში – არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი” იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. მოხალისეობრივი, საგანმანათლებლო პროექტი – “საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის” – საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მასში 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული. პროექტის მიზანია ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობა და მონაწილეობა, რათა ხელი შეუწყოს ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში. პროექტის მონაწილე მოხალისეებმა უკვე გაიარეს სამდღიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში, იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის ექსპერტების მოდერაციით, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. ტრენინგების შემდეგ მოზარდი მოხალისეები თავიანთ თემში, როგორც თანასწორ-განმანათლებლები, ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს და ღონისძიებებს იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0