მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში კიდევ ორი ახალი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის რეაბილიტაციის შემდეგ ერთი მილიონი ლარით დაფინანსდება შადრევნების რეაბილიტაცია, ხოლო 5 მილიონი ლარი მოხმარდება გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას – ეს სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ და პროექტების მენეჯერმა იმერეთის მხარეში დავით ტაბიძემ გააცნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეკრებილ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. მათი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების პროცესი, სამუშოები 2017 წლიდან დაიწყება და საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
“წყალტუბოს ახლო მომავალში ექნება ფერადი შადრევნები, გახმოვანებითა და ვიდეო ეფექტებით, სრულად აღდგება სამივე აუზი, თავისი დამაკავშირებელი ხიდებით, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენს ქალაქს, ამდენად, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის’’ მიმდებარე ტერიტორია კვლავ გახდება წყალტუბოელებისათვის და აქ ჩამოსული ტურისტების სასიამოვნო დასვენების ადგილი. უმნიშვნელოვანესი პროექტია ასევე ყოფილი პუშკინის ქუჩაზე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ფაქტიურად 20 წლიანი პაუზის შემდეგ წყალტუბოში ისევ დაიწყებს ფუნქციონირებას ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა” – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა
წყალტუბოს რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება
20/09/2016