წყალმომარაგების კომპანიას გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

12/04/2016

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტის ყოფილი თანამშრომლის ქეთი კივიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოიტანს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინი კიკვიძე განაჩენს დღეს 18:00 საათზე გამოაცხადებს.

ქეთი კიკვიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი კომპანიის წინააღმდეგ მას შემდეგ შეიტანა, რაც ის გასული წლის ოქტომბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს. კიკვიძის განმარტებით, ის რეორგანიზაციის სახელით უკანონოდ გაუშვეს. საქმის პირველი მოსმენა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა.

კიკვიძე განმარტავს, რომ მისი გათავისუფლება კომპანიაში დაწყებული რეორგანიზაციის სახელით მოხდა. კიკვიძის თქმით, რეორგანიზაცია, ეკონომიკური მდგომარეობის გამო განახორციელდა, სადაც შტატების გაუქმება უნდა მომხდარიყო.

“თუმცა, შტატი არ გაუქმებულა. პირიქით გაიზარდა და სახელფასო ანაზღაურებაც გაორმაგდა. მუდმივი შტატის და ასევე, ტესტირება გავლილი თანამშრომელი ვიყავი და გამიშვეს”, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომელი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპანიაში კადრების ოპტიმიზაცია მოხდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო რამიშვილი განმარტავს, რომ კომპანიამ კადრების ოპტიმიზაცია განახორციელა.

“ეს მიზნად ისახვდა მართვის ეფექტურობას და გამოთავისუფლებული თანხებით რეგიონებში მომაუშავე ტექნიკური პერსონალებისთვის პირობების გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია კანონის სრული დაცვით მოხდა. რაც შეეხება, ხელფასების მომატებას ეს არის სრული სიცრუე. რადგან, ხელფასები პირიქით შემცირდა”, – ამბობს რამიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0