წუხელ იყო ძალიან რთული ღამე

24/08/2017

წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამე გრძელდებოდა მუშაობა, გაჭრილია ტყეში სამ კილომეტრამდე ახალი გზა. მთლიანობაში, ამ დღეებში 12 კილომეტრამდე გზა არის გაჭრილი. მოხდა აქტიური ცეცხლის კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები არის შემოსაზღვრული. ამ წუთებში მუშაობს 6 ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა – 1500 კაცი გასულია ცეცხლის აქტიურ ზონაში. დღის განმავლობაში გაგრძელდება ცეცხლის კერების დამუშავება, როგორც ავიაციით, ასევე ცოცხალი ძალით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ დახმარებისთვის რომელსაც ვიღებთ პირველივე დღიდან. გამოითქვა დახმარების სურვილი და ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება აზერბაიჯანისგან, თურქეთისგან, სომხეთისგან, ასევე ბელარუსისგან. გუშინ დახმარების მზადყოფნა ასევე გამოითქვა სხვა ქვეყნებისგან – ამერიკის შეერთებული შტატებისგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, საბერძნეთისგან. დახმარების მზაობა გამოითქვა უკრაინისგან, ბულგარეთისგან, ირანის მხრიდან. მინდა განსაკუთრებულად შევეხო რუსეთის საკითხს, ვინაიდან ამ დღეების განმავლობაში ეს საკითხი იყო აქტიური განხილვის საგანი. რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ, გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და დღის განმავლობაში მოგახსენებთ სიტუაციის განვითარების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0