წლის ბოლომდე ხელშეკრულება რიკოთის საუღელტეხილო გზის ყველა მონაკვეთზე გაფორმდება

01/08/2019

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველაზე მეტად დაწინაურებულია პირველი ლოტი და 2020 წელს ხაშურს უკვე ექნება შემოვლითი გზა. ჩუმათელეთიდან-არგვეთას კვანძამდე მონაკვეთი 4 ლოტად არის დაყოფილი, შარშან ხელშეკრულება 2 ლოტზე გავაფორმეთ, საუბარია ხევი-უბისასა და უბისა-შორაპნის მონაკვეთებზე, სადაც სამუშაოები კარგ ტემპში მიმდინარეობს. გამარჯვებული გამოვლენილია პირველ ლოტზეც და აგვისტოს თვეში ხელშეკრულება გაფორმდება. პირველ ლოტზე წელსვე დაიწყება სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები. რაც შეეხება მე-4 ლოტს, 22 აგვისტოს წინადადებების მიღება დასრულდება და აქაც გამარჯვებული გამოვლინდება და გაფორმდება ხელშეკრულება. რიკოთის საუღელტეხილო გზა ჯამში 51 კმ-იანი მონაკვეთია, რომელიც არის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი, მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს 4 ზოლიანი მაგისტრალის მოწყობას,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ 4-4.5 საათი საკმარისი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0