„ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5%-იან ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, უკვე მესამე წელია მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის.
„ამის თაობაზე ბატონი ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, თუ როგორ გადანაწილდება აღნიშნული 500 მილიონი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021 წელს ასე მოხდა, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან − 2022 წელს და წელსაც, 500 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება მოვახერხეთ ბოლო წლებში, იგივე, რაც მე ჩამოვთვალე, სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა. რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებდა სახელმწიფო, 880 სკოლა, 1000-ზე მეტი ბაღი; სოციალური დახმარებები გავზარდეთ, თითოეულ სოციალურად დაუცველ ადამიანზე, 200 ლარის ოდენობით გაიცემა დახმარება, ეს არის წელიწადში 500 მილიონ ლარზე მეტი, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. ხელფასები გავუზარდეთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იანვარში კიდევ გაეზრდება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი. ჯამში პოლიციას და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს − 30%-იანი ზრდა. ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც აქტიური ტემპებით მიმდინარეობს. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება თუ ჯანდაცვა. იგივე გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უცხოეთში, უმაღლესი დონის კლინიკებში. უკვე დაწყებულია პროცესი და ამას მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ჩვენ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ახალ, 2024 წლის ბიუჯეტზე. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე − ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსია და თვის ბოლოს, დაახლოებით 29 სექტემბერს, წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში კი უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის ვალი არის შემცირებული: „მინდა შევახსენო ყველას, 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით”. მისი თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი.
„ეს შემცირების პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის, რა თქმა უნდა, შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები, ისტორიულ მაქსიმუმზეა − 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ასევე მინდა ვთქვა, რომ, რაც სასიხარულოა, ბოლო 10 წელიწადში, ჩვენ გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა და ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. მე ამასწინათ დავაანონსე, მოგაწოდეთ ინფორმაცია, ის გაათმაგებულია და სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. კომერციული ბანკების აქტივები, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თითქმის 14 მლრდ ლარი იყო 2012 წელს და დღეს არის 70 მილიარდზე მეტი. 70 მილიარდი, , რა თქმა უნდა, სულ სხვა ეკონომიკაა, საერთოდ სხვა მოცემულობაა. ამიტომ არის, რომ იგივე დეპოზიტები ვახსენე, თუ იყო 2 და 3 მილიარდი 2012 წელს, ახლა არის 22 მილიარდი დოლარში; ლარში, ჯამურად, 48 მილიარდი. ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის, ჩვენი მმართველი პარტიის დაწყებული პოლიტიკის, რამაც ეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა. ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის ნაყოფი. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენთან, კიდევ ვიმეორებ, არავითარ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ და ვერ იქნებოდა. მე მახსოვს, კიდევ შევახსენებ ყველას, რომ დეფოლტზე იყო საუბარი 3 წლის წინ, როდესაც ჩვენს მთავრობაში მოხდა ცვლილებები და ასეთი მდგომარეობა გვაქვს, მეგობრებო. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა პრემიერმა.