წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს

13/07/2016

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, კომისიის პირველ სხდომაზე განხილული იყო გარკვეული საკითხები, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც ეხებოდა. მისი თქმით, ძირითადად სამი თემაა, რაზეც ცესკო-სა და შესაბამისი საოლქო კომისიების ხელმძღვანელი პირების მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.

თამარ ჟვანიას ინფორმაციით, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ძალიან მცირეა პრეტენზიები. პრეტენზიები კი სამ საკითხს უკავშირდება. ერთი თემაა, უფასო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული,მეორე საკითხი ეხება იმერეთში წინასაარჩევნო კამპანიას, კიდევ ერთი საკითხი ზუგდიდში სასუქის გადაცემასთან არის დაკავშირებული. თამარ ჟვანიას თქმით, სამივე პრეტენზიას ცესკო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ოთარ კახიძის ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომაზე დააყენა „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხი, ასევე ხელისუფლების მხრიდან ინსპირირებული პროვოკაცია კანდიდატის შეხვედრაზე.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, პარტიის პოლიტიკური მდივნის გოჩა თევდორაძის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსმა“ დააყენა უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული საკითხი. თევდორაძის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით, უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა, დღეს ის გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და კომისიის სხდომის დაწყებამდე კანონი ძალაში შევიდა. თევდორაძე წინასაარჩევნო პერიოდში „პატრიოტთა ალიანსის“ მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უხელმძღვანელა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას კომისიის წევრები, მინისტრების მოადგილები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0