წერტილს დავუსვამთ ამ ხელისუფლების ბოგინს

16/06/2016

წერტილს დავუსვამთ ამ ხელისუფლების ბოგინს, რომელმაც დაუშვა, რომ უდანაშაულო ადამიანები შვიდი წლით ციხეში ჩაესვა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს, რომ არ მიგატოვებთ, მალე გაგათავისუფლებთ უკანონო პატიმრობიდან. ამასთან ერთად, წერტილს დავუსვამთ ამ ხელისუფლების ბოგინს, რომელმაც დაუშვა ის, რომ უდანაშაულო ადამიანები შვიდი წლით ციხეში ჩაესვათ. ჩვენ ერთად, ერთ მუშტად შეკრული მივაღწევთ ამას და მე მწამს ისე როგორც არასდროს, რომ ეს არჩევნები გახდება გადამწყვეტი, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება ნება სასამართლო გაათავისუფლოს და არ დატოვოს ისეთი ადამიანების ხელში, როგორიც ლევან მურუსიძეა”, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ლევან მურუსიძე მართავდა სასამართლოს წინა ხელისუფლების რეჟიმის პირობებში და შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გადმოიბარა იგი.

“ჩვენ იმიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ, რომ მათაც ვუთხრათ რომ ჩვენთან ვეღარ გადმოტრანსპორტდებიან. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ხალხი რომელთაც შეუძლიათ სინდისის წინააღმდეგ საკუთარი მრწამსისა და რაც მთავარია, კანონის წინააღმდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები და ციხეში გაუშვან უდანაშაულო ადამიანები”, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, როგორც სასამართლო სისტემაში, ისე პროკურატურაში დღესაც არიან ადამიანები, ვინც უმწიკვლოდ ემსახურებიან ქვეყანას და “თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ მათზე გააკეთებენ აქცენტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0