წეროვნის რეაბილიტაციის ცენტრს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა

08/06/2016

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა წეროვნის რეაბილიტაციის ცენტრს საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელი მიენიჭა. რეაბილიტაციის ცენტრში მემორიალური დაფა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვახსოვდეს ის ხალხი, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეიტანა საქართველოს ისტორიაში. ასეთი გამორჩეული ადამიანი იყო საქართველოს ეროვნული გმირი, მარიამ (მარო) მაყაშვილი. უკეთეს სახელს ჩვენ ვერ მოვუძებნიდით ამ სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობენ. ეს ცენტრი გაფართოვდება და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. აქ დაისვენებენ სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ცენტრი ასოცირებული იქნება, სწორედ, იმ ადამიანთან, რომელმაც საკუთარი თავი გადადო სამშობლოს სამსახურისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ისტორიული გმირების სახელის უკვდავყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
„არიან ადამიანები, რომლებმაც ელვასავით გაიარეს საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და დატოვეს წარუშლელი კვალი. ერთ-ერთი ასეთი იყო მარო მაყაშვილი, ის განასახიერებდა ვაჟკაცობას, გმირობას, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს და ერთგულებას. ჩვენი ხსოვნა არ არის მათთვის გაკეთებული რევერანსი, ეს ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ, სამხედროებს თუ საქართველოს მოქალაქეებს, რათა ვიცოდეთ თუ საიდან მოვდივართ და ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი დღეს იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ, რომლებიც რეაბილიტაციას, სწორედ, წეროვანში გადიან.
წეროვანში გამართულ ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, გიორგი თავდგირიძე, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, აკია ბარბაქაძე, წითელი ჯვრის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბილიანა მილოშევიჩი, მარო მაყაშვილის დის შვილი ელიზბარ ერისთავი, ნოე რამიშვილის შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
მარო მაყაშვილი 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის ჯარებთან წარმოებული ბრძოლების დროს დაიღუპა.
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0