წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი მოეწყობა

17/08/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს იწყებს.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
წეროვანის დასახლებაში 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი მოეწყობა, რომელიც სარწყავი წყლით 2 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უზრუნველყოფს.

„მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებდა სარწყავად, რაც, თავის მხრივ, სასმელი წყლის პრობლემას ქმნიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, კი, გადაიჭრება სარწყავი წყლის პრობლემა და აღარც სასმელი წყლის მიწოდება შეფერხდება“- განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარზე მეტია, მომავალი წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0