კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. უამინდობის გამო ალოობა კახეთსა და ქვემო ქართლში ერთდროულად, ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. წინა წლებთან შედარებით, საშუალო მოსავლიანობის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენას. ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც – ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.
თავთავიანი კულტურების მოსავლის შეუფერხებლად აღების პროცესში სრულად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ქვეყნის მასშტაბით 86 ერთეული კომბაინია მობილიზებული, აქედან 71 ერთეული კახეთის რეგიონში, 15 ერთეული ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობს. გარდა ამისა, მოსავლის აღების სამუშაოებში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაა ჩართული.
უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შპს ,,მექანიზატორის“ ტექნიკური და ადამიანური რესურსი სრულადაა მობილიზებული და მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რამაც მოსავლის აღება და დაბინავება, კლიმატური პირობების ხელშეწყობის შემთხვევაში, აგროვადების მაქსიმალური დაცვით უნდა უზრუნველყოს. შპს „მექანიზატორი“ თხოვნით მიმართავს ფერმერებს, მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მაქსიმალურად კოორდინერებულად იმოქმედონ.
წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია
02/07/2016