მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს თუ პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.
წელს ოქროს მედლები გადაეცემა საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს, რომელთაც სკოლა 2015-2016 სასწავლო წელს დაასრულეს. მათ შორის 132 ქუთაისის წარმომადგენელია, მედლები მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.