წალენჯიხის სოფლებში საერთო კრებებს ნინო ვიბლიანი დაესწრო

26/02/2019

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. კრებებს სოფელ ზემო ლიაში, პალურსა და ეწერში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია დაესწრნენ. რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსახლეობის უმეტესობამ ზემო ლიაში მარღიების, პაჭკორიებისა და ვეკუების უბნებში წყალსადენი ქსელის მოწყობას, საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების ამოწმენდას დაუჭირა მხარი. პალურის მოსახლეობის უმეტესობამ გარე განათების მოწყობას, სამარღიოს უბანში შიდა გზის და საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას მისცა ხმა. სოფელ ეწერი გამართულ საერთო კრებაზე კი მოსახლეობამ გარე განათების მოწყობას, საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაციას და ლექარდეს უბანში გარე განათებების მოწყობას მისცა ხმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. კრებების დასრულების შემდეგ ნინო ვიბლიანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯვარის სათემო განვითარების ცენტრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა, ასევე დაესწრო კონფლიქტისპირა სოფელ წყოუშში მოსწავლეთა შორის სპორტული შეჯიბრებების დაჯილდოების ცერემონიალს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0