წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა თემი, 49-ვე დასახლებულ პუნქტი ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფილი იქნება. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად სოფელ მედანში გაეცნო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა, იგივე პრობლემის წინაშე იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიც. ამჯერად ორივე მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების დაქსელვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოსახლეობის ქსელთან დაერთების პროცესი მიმდინარეობს. ქალაქების წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაზიფიცირების შემდეგ, დაქსელვითი სამუშაოები ამჯერად სოფლებში ხორციელდება.
„სამეგრელოში გქონდა ორი მუნიციპალიტეტი, სადაც ბუნებრივი აირით არასდროს უსარგებლია მოსახლეობას. თუმცა ჩვენ დღეს წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში აქტიურ სამუშაოებს ვახდენთ გაზიფიცირების კუთხით, დასრულებულია, ორივე მუნიციპალიტეტის ქალაქების დაქსელვა. ამჟამად სამუშაოები სოფლებში მიმდინარეობს. მიმდინარე წელს სულ ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს 16 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირების სამუშაოები, ხოლო დაგეგმილია 30 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ მოსახლეობის კომფორტისთვის, ეკონომიკის ხელშეწყობისთვის, ასევე ეკოლოგიური მიმართულებით“- განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.