წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

14/02/2024

წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ. სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები, ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება, ამავე წელს, ეტაპობრივად, ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში.
უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0