ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტა-ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ძუძუს კიბოს ადრეული სტადიით (I, II, III) დაავადებული მოქალაქეების გარდა, მედიკამენტები 80%-იანი ფასდაკლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებმაც მიიღონ.
„მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ, საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამაში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, შესაძლებელი ხდება, საქართველოში სრულად იქნას მოცული ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა.
საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადების სამკურნალო მედიკამენტის-ჰერცეპტინის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, ერთ პაციენტზე წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს.
არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო, რომელიც მიზნად დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს.
პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დავადებული არიან ძუძუს კიბოს: პირველი, მეორე და მესამე სტადიით მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღებენ, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტის პროგრამა ფართოვდება
12/11/2018