ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში

10/08/2018

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები დააზარალა. სენაკში ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ასევე, პრობლემები შეიქმნა სოფელ ძველ სენაკში,ლეძაძამეში, უშაფათში, სორტაში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში .
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა: ბანძაში, ჭყონში, ტალერში, აბედათში, ნაჯახაოში, დოშაყეში, ნახუნაუსა და კურძუში.
უხვმა ნალექმა შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უხვმა ნალექმა ასევე პრობლემები შეუქმნა ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, სახემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მუშაობა შესაძლებელია სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები მუშაობენ.
სტიქიის ზონაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებს ილია ბეგიაშვილს და გიგა კაციას ელოდებიან, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილზე ჩაერთვებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0