ძლიერი ქარის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთს ზიანი მიადგა. სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. დაბა კაზრეთში ძლიერმა ქარმა N2 საჯარო სკოლის სახურავის ერთი ნაწილი მოხადა. დაბაში ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავიც. სტიქიამ სოფელ ბალიჭიც დააზარალა. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის სახურავები 15 ოჯახს დაუზიანა, ქარმა სახურავი მოხადა ასევე სოფელში არსებულ რიტუალების სახლსაც. სოფელ დარბაზში სტიქიამ ორი მოსახლის საცხოვრებელ სახლს გადახურვა მთლიანად მოხადა. 11 მოქალაქის საცხოვრებელ სახლს კი ნაწილობრივი ზიანი მიადგა. ქვემო ბოლნისში ამბულატორიისა და 9 მოქალაქის სახლების სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა. ერთ მოქალაქის სახლს კი სტიქიამ სახურავი მთლიანად გადახადა. სოფელ ბოლნისში შვიდი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა. ძლიერმა ქარმა ქალაქ ბოლნისიც დააზარალა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა. ამ ეტაპზე სპეციალური კომისია მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს, რის შემდეგაც მოქალაქეებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.
ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი, ქალაქი ბოლნისი და დაბა კაზრეთი დააზარალა
07/02/2020