ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილი აქვს ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევის, სახურავების დაზიანების ფაქტებს. ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი ქარი 13 აპრილსაც არის მოსალოდნელი. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.
უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22
ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
12/04/2022