ძველ ქანდასა და ვაზიანში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალ საბავშვო ბაღებში დაიწყო

16/01/2023

დღეიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძველ ქანდასა და ვაზიანში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ახალ საბავშვო ბაღებში დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ აღსაზრდელებს, მშობლებსა და ბაღების თანამშრომლებს სააღმზრდელო პროცესის ახალ სივრცეში დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

“ძველი ქანდისა და ვაზიანის საბავშვო ბაგა-ბაღები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ამ დრომდე არ ჰქონდა. დღეიდან კი თითოეულ სოფელს მოემსახურება 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, სადაც პატარები უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში იქნებიან. შენობები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. გარდა ამისა, ეს პროექტები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ ბაღებში სხვადასხვა პოზიციაზე ადგილობრივები დასაქმდნენ. ყველა მათგანს წარმატებებს ვუსურვებ. მჯერა, რომ ქვეყნისათვის საამაყო მომავალი თაობის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ,” – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ძველი ქანდისა და ვაზიანის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო და წლის ბოლომდე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0