თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორ ახალ პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ახალი პროგრამები ერთობლივად შეიმუშავეს.
„ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის განვითარების ფონდი სრული დატვირთვითაა ჩართული ძველი თბილისის, ისტორიული უბნების განახლება-რეაბილიტაციის პროცესში. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობები ახორციელებენ ათეულობით ასეთი შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეაბილიტაციას. იმდენად ბევრი შენობაა ავარიული, რომ მხოლოდ ამ პროგრამებით რთული იქნება მივიღოთ შედეგი, რასაც საზოგადოება ელოდება. ჩვენ ავამოქმედეთ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ძველ თბილისს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებია, იქ არსებულ პროგრამას ვერ გამოვიყენებდით. რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ, მე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შეემუშავებინათ კონკრეტული ხედვა და პროგრამა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ისტორიულ უბნებში. გუნდმა დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად, იმუშავა და შემუშავდა ორი პროგრამა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
„პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბიზნესი, ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. ამდენად, ბიზნესის ჩართულობის ეს მოდელი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობები არ განხორციელდეს ზედმეტი მოცულობებით და მაქსიმალურად დავიცვათ ისტორიული უბნების იერსახე, მეორე მხრივ კი, დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ავარიული სახლების მესაკუთრეებს, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი და ყოფითი პირობები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება მეორე პროგრამას, კახა კალაძის თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს.
„მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში, თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მერია მიაწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის განთავსებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ, აუქციონზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს შევთავაზებთ მესაკუთრეებს და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მოხდება ამ ქონების რეალიზება. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეებს ექნებათ სურვილი, აუქციონი გამოცხადდეს მათ მიერ დასახელებული ფასის შესაბამისად, ცხადია, თბილისის მერია ამასაც სრულად უზრუნველყოფს. ანუ, აუქციონი გამოცხადდება მესაკუთრეების ნების შესაბამისად, მათივე მითითებული ან საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული ფასის თანახმად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება. ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით, K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რეკრეაციული სივრცეების შექმნაა.
„იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების – ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედნის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებულ სამშენებლო პარამეტრებს შევთავაზებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში სრულად იქნება დაცული მიწის მესაკუთრის კანონიერი ინტერესები.
„აღნიშნულ პროცესში დაცული იქნება მესაკუთრის კანონიერი ინტერესები და მას ამ მიწის სანაცვლოდ, მიეცემა უფლება, სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებული პარამეტრებით განახორციელოს მშენებლობა. K2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი – ანუ, თუ ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის და მისი გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თუ 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ. მისივე განმარტებით, 20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, პირველი აპრილიდან კი ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.
„20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიმართა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომ თუ 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.
„ვინაიდან, ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობა იწყება. მისი თქმით, ახალი საავტომობილო გზა განკუთვნილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის, არსებულ პანდუსზე კი გზა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები მხოლოდ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
„საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას ვიწყებთ იმიტომ, რომ აღნიშნული გზა, რომელიც გოთუადან სანაპიროს მიმართულებით ჩადის, დიდ პრობლემას წარმოადგენს თვითონ იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ამ გზას იყენებენ. ასევე, პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც სანაპიროზე მოძრაობს და გარკვეული ავარიული სიტუაციები იქმნება. ამჟამად არსებული პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო უსაფრთხოებას გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს კიდევ ერთი პანდუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, მოეწყობა ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლები.
„პროექტის დასრულების შემდეგ, არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელებისთვის კი ახალი პანდუსი მოეწყობა. შესაბამისად, ამომსვლელი და ჩამსვლელი ნაკადი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. სამუშაოები დღეს დაიწყება და ამ ყველაფრის მოწყობას, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, ქალაქში არსებული პრობლემური საავტომობილო კვანძების მოწესრიგებაა. მისი თქმით, საგზაო კვანძების მოწესრიგების სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. კერძოდ, 18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: ქეთევან დედოფლის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის კვეთა; მოსკოვის გამზირისა და მეველის ქუჩის კვეთა; მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია; ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული საგზაო კვანძებზე მოეწყობა ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლები. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირისა და კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან, ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოეწყობა ავტობუსის ზოლი.
„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში, იყოს კომფორტული, სწრაფი და მოქალაქეებს არ უწევდეთ გაჩერებებზე ლოდინი გარკვეული დროის განმავლობაში იმის გამო, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი საცობში ფერხდება. ეს დისკომფორტია, რომელსაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. მოქალაქეებს კი ჰგონიათ, რომ ავტობუსის და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, ვიდრე ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსების პირობებში ხდებოდა, თუმცა აღნიშნული საცობები გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება – სატრანსპორტო დერეფნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი მზარდია და ბენეფიციარები ყოველთვიურად, 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარით დაფინანსდებიან.
„წლიდან წლამდე იზრდება „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი. გასულ თვეში ამ ბავშვების მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მარტში პროგრამაში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვებოდა, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 1 850-მდე შეადგენდა. ასევე, გაიზრდებოდა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვი. ამჟამად, პროგრამის ბენეფიციარებს ცხრა ცენტრი ემსახურება“ , – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებისთვის წლიურად 5 400 ლარი გამოიყოფა.
„კიდევ ერთი სიახლის შესახებ გატყობინებთ – გაიზარდა პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც და ყოველთვიურად, პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. თუ გასულ წელს პროგრამის ბენეფიციარებისთვის იხარჯებოდა 4 800 ლარი, ამიერიდან, თითოეული მათგანისთვის 5 400 ლარი იქნება გამოყოფილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.