ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს.
„ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც გადავაგზავნით პარლამენტში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ, მინდა ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციებისა. იცით, რომ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას, წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6.5%-ზე არის ნავარაუდები წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც, რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, 2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, აქაც გასამმაგებაა, რაც ძალიან სასიხარულოა ყველასთვის. მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება.
„რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით. ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი; მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც, რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე, შედარებისთვის მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012 წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.
„რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი. გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით ზრდა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ძალოვნებისთვის, შარშან 20%-იანი ზრდა განხორციელდა და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოვიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა საჯარო მოხელეებს ხელფასი გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით.
„ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას. ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს. განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება-წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ გაისად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის კი 180 მლნ ლარი გამოიყოფა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარადგინა, ოქტომბერში იგეგმება აქტიური მუშაობა სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, მეორე ვარიანტს 5 ნოემბრამდე წარადგენენ და შემდეგ, ნოემბერში მესამე ვარიანტზე იგეგმება მუშაობა.
„რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ მიზნით გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა 2024 ში. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული. ასევე გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის 180 მლნ ლარი გამოიყოფა. ჯამში, ვფიქრობ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024-ის, კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ვარიანტი, ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა. მეორე ვარიანტს წარვადგენთ 5 ნოემბრამდე და შემდეგ, ნოემბერი დაგვრჩება, რომ მესამე ვარიანტზეც ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად. ეს არის ძირითადი მონახაზი, რაც მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ 2024 ში 85 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარი გახდება უკვე და შედარებისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის თითქმის გასამმაგება მთლიანი შიდა პროდუქტის, თუ შევადარებთ 2012 წელს. ბიუჯეტი, გითხრით, რომ 27,8 მილიარდი ლარი იქნება 2024-ში და დანარჩენზე მოგვიანებით დავაზუსტებთ და ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.