ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვიზალიბერალიზაციის პროცესი 8 ოქტომბრის არჩევნებამდე დასრულდეს

06/09/2016

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვიზალიბერალიზაციის პროცესი 8 ოქტომბრის არჩევნებამდე დასრულდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, არა „ქართული ოცნებისთვის“, როგორც ხელისუფლებისთვის, არამედ ზოგადად პროდასავლური მიმართულების გაძლიერებისთვის.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ ხალხს შესაძლებობა მიეცეს თავისუფლად გადაადგილდეს ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, თუ მცირე ბიზნესი ვერ შეძლებს თავისუფლად გადაადგილებას ევროპაში, მაშინ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სრულად ვერ იფუნქციონირებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან დიდი იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი დასრულდება შეჩერების მექანიზმის სრულად ამოქმედებამდე.

„მერწმუნეთ, არა იმიტომ რომ ამას ჩემი პარტიის კონკრეტული ინტერესი მკარნახობს, არამედ პროდასავლური ინტერესის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შედეგი დადგეს არჩევნებამდე და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს რიტორიკის გაძლიერების შესაძლებობა არ მიეცეთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0