„მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომელიც ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ეკონომიკური ნაწილი, რადგან თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებით“, – განაცხადა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კომენტირებისას.
როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური მიმართულება სწორედ ტურისტული სექტორია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ალბათ ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია – ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდე შეადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ის მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი ნაკადები გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა იმის დეტალური ანალიზი, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ამ ტურისტული პოტენციალის უკეთესად გამოყენება – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი ამ გზაზე სწორედ სავიზო რეჟიმი იყო. როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, გათვალისწინებულ იქნა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელთაც წარმატებით შეძლეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დეტალებს – ლევან დავითაშვილის განმარტებით, ის უკვე დღეიდან შედის ძალაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ერთი შემოსვლისთვის ვადა 30-დღიანია, რაც ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღები რიცხვია.