გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით იოსებაშვილთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, პროექტის „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
პროექტის ფარგლებში, სასწავლო კურსი თემაზე – დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, 15-მა სათემო რეინჯერმა გაიარა. კურსის პრაქტიკული ნაწილი ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავდა.
პროექტის მონაწილეები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ხარაგაული) შეირჩა. ახალგაზრდებს შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები.
„იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვა და შენარჩუნება, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჩართულობა. პროექტი „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“ შესაძლებელს ხდის, ერთობლივი ძალით – სახელმწიფო სტრუქტურებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი გავაკეთოთ ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი „თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“, ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, „სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა“ (NACRES), დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შვედეთის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნება და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.