ეს არაფერი წერილი არ არის – ეს არის კიდევ ერთი უფასო სარეკლამო საშუალება, რომ დღის წესრიგში იყოს, – ასე აფასებს გია ვოლსკი დავით უსუფაშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილს, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს მიმდინარე წლის 11 მარტს მიმართა. ვოლსკი ამბობს, რომ უსუფაშვილის წერილში ბევრი ცდომილებაა, თუმცა ამასთან დაკავშირებით პოზიციის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
”მე, წერილის შინაარს არ ვეთანხმები. მისი მიზანი არის ყურადღების მიქცევა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოზიციებთან დაკავშირებით – ერთი მხრივ, პოზიცია ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, მას ”რესპუბლიკელები” პასუხობენ. ეს რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელია. სხვა საკითხია ზნეობა. ეს პოლიტიკას არ უკავშირდება და ამაზე მერე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, დავით უსუფაშვილის სურვილი თემატური უმრავლესობის ჩამოყალიბება იყო, რომლის ფარგლებში რიგ საკითხზე მოხდებოდა შეთანხმება, ხოლო ზოგიერთ საკითხზე – ვერა. ვოლსკი აცხადებს, რომ ”რესპუბლიკურ პარტიას” კარგად არა აქვს გააზრებული, თუ რას ჰქვია სახელმწიფო ინტერესები და როგორი მნიშვნელობა აქვს ერთობას.
”ძალიან ბევრ დაპირისპირების მცდელობას ჰქონდა ადგილი. იქ ვიღაც თავს ვერ იკავებდა, აკეთებდნენ უხეშ განცხადებებს, მაგრამ შესაძლო არაჯანსაღ განხეთქილებას კარგად მოვერიეთ და ერთად სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ. ”რესპუბლიკური პარტიის” წარმოჩენის მცდელობა, ამპარტავნული განცხადებები, რომ მმართველი რესურსის მქონენი ისინი არიან და ასე შემდეგ, ეს საზოგადეობამ კარად იცის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.
წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.
წერილში საუბარია ”რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.