ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა საგარეჯოში, სადაც ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წარუდგინა.
კახა კალაძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ძალიან ბევრი რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწია, თუმცა, შეგვიძლია თავაწეულებმა ვიაროთ იმ განხორციელებული პროექტებით, იმ განხორციელებული რეფორმებით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და მოვახერხეთ. ნამდვილად საამაყოა, ის რომ დღეს საქართველოში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული.ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ გვახსოვს ის წლები, როცა ქვეყანაში ადამიანები უფულობის გამო, უსახსრობის გამო, ჩვენდა სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ოპერაციების საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს სჭირდებოდათ სახლის დაგირავება, სახლის გაყიდვა იმისთვის. დღეს ეს პრობლემა სრულიად მოხსნილია თითოეული ჩვენგანისთვის. საჭიროების შემთხვევაში ექიმის მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს ყველაფერი არის უფასო. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული ჩვეგანისთვის“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის პროგრამაზე.
„ ჩვენ დავიწყეთ ასევე უპრეცედენტო პროექტის განხორციელება, ეს არის c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 200 000 მეტი ადამიანი არის დაავადებული ამ მძიმე სენით. საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს. ძალიან ძვირი ჯდება მკურნალობა, ერთი მედიკამენტის ფასი დაახლოებით 65 000 ამერიკული დოლარი ღირს და ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს მედიკამენტები შეიძინონ და იმკურნალონ. დღეს უკვე დაახლოებით 10 000 ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ. ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ 4 წლის თავზე, შევძლებთ, რომ საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი ადამიანი ამ მძიმე სენით დაავადებული. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თითოეულ მათგანს, სრულიად ჯანმრთელს, სრულიად ჯანსაღებს დავუბრუნებთ თავიანთ ოჯახებს და საზოგადოებას“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა პენსიების მატებისა და დასაქმების პროგრამებზე.
„თქვენ იცით, რომ პენსიები 1 ივლისიდან გახდა 180 ლარი. მე ძალიან კარგად მესმის, ის რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი დიდი თანხა, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ეს იყო 2012წელს და, რა თქმა უნდა, მომავალ წლებში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ამ მიმართულებითაც იქნება მატება. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ ეკონომიკურად , ქვეყანა წინ წავიდეს, რადგან შესაძლებელი იყოს ასეთი პროექტების განხორციელება. დღეს რა აწუხებს ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას- ეს არის უმუშევრობა, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ზუსტად ჩვენი ხელისუფლების ამოცანა, მთავარი მიზანი გახლავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ გავეცით დაპირება, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნება დაახლოებით 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესისგანვითარების კუთხით, მხოლოდ კერძო სექტორში შეიქმნა დაახლოებით სამოცდახუთიათასი ახალი სამუშაო ადგილი.ჩვენ გვესმის რომ, ეს არ არის ძალიან ბევრი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს,მაგრამ ეს არის სწორი გზა,სწორი მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს იყოს მოგვარებული“-აღნიშნა მან.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო დახმარებაზე.
„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობას,იმ პროგრამების გაგრძელებას,რითაც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს და ზუსტად რეგიონში, რაიონში სოფლად მცხოვრებმა ადამიანმა იცის ყველაზე კარგად თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობა. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ დარგში. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ ბოლო ოთხი წლისგანმავლობაში ჩვენ იმდენი მიწა დავამუშავეთ, რაც ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა ქვეყანაში.უფასო ხვნა-თესვის პროგრამა მეოთხე წელია მართლაც წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც.გაგრძელდება მანამ, სანამ სოფელი არ გაძლიერდება, სანამ გლეხი არ დადგება ფეხზე, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი სოფლები ნიშნავს ძლიერ რაიონებს,ძლიერი რაიონები ეს უკვე ძლიერი ქალაქებია,ძლიერი ქალაქები ეს უკვე ძლიერი საქართველოა“-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.გაგრძელდება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწობს როგორც სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე იმ პროდუქტების და პროდუქციის შექმნას, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული და ეს არის ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გაგვაჩნია იმისა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტებზე და პროდუქციაზე. ყველანაირი პირობები გაგვაჩნია ამის,კლიმატური პირობები შრომის მოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარია, ხელისუფლება, მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ამ მიმართულებით იყოს დახმარება“,-განაცხადა მან.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ყურადღება ასევე გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირებაზე.
„განათლების მიმართულებით ხომ ყველას გვახსოვს რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით. მე 2012 წელს თქვენთან ერთად ძალიან ბევრ შეხვედრებს ვმართავდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ძალიან ბევრი იყო შეხვედრა,როდესაც ვხვდებოდით ახალგაზრდა ქალბატონებს, ახალგაზრდა დედებს თვალცრემლიანს და რა იყო ამის მიზეზი,როდესაც ვსაუბრობდით,ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ქონდათ რომ თავიანთი შვილებისთვის, თავიანთი პატარებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. ამისთვის საჭირო იყო ორასი ლარი, სამასი ლარი თუ ორი -სამი შვილი იყო ოჯახში, ეს კიდე უფრო მეტი დამატებითი პრობლემები იყო. უწევდათ საქონლის, პირუტყვის გაყიდვა იმისთვის, რომ შვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილი და მოგვარებულია. როდესაც ჩვენი შვილები, ჩვენი პატარები მიდიან სკოლებში მათ სახელმძღვანელოები უფასოდ ხვდებათ მერხებზე და ეს, რა თქმა უნდა,მომავალშიც გაგრძელდება. ბაგა-ბაღებში რა მდგომარეობა იყო, გასამმაგდა პატარების რაოდენობა ბაღებში და რა იყო ამის მიზეზი, ის რომ ჩვენ ბაგა-ბაღები გავხადეთ უფასო,ოჯახებს არ ჰქონდა ელემენტარული იმის შესაძლებლობა, რომ ყოველთვიურად ათი-თხუტმეტი ლარი გადაეხადათ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ.დავიწყეთ სკოლების,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. სამასზე მეტი სკოლა და ბაგა-ბაღი გარემონტდა მთელი ქვეყნის მაშტაბით და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა სოფელში,ყველა ქალაქში ყველა თემში არ იქნება გარემონტებული, რეაბილიტირებული სკოლები და ბაგა-ბაღები, როგორც ევროპულ, ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებშია, რომ ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ ნორმალურ პირობებში მიიღონ განათლება და თავზე ჭერი არ ენგრეოდეთ,არ აწვიმდეთ და არ ათოვდეთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პედაგოგები განსაკუთრებულად დასაფასებლები არიან.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პროფესიას პატივს ვცემთ, მაგრამ პედაგოგი არის ჩვენთვის განსაკუთრებული, რადგან ეს გახლავთ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენს შვილებთან,ჩვენს მომავალ თაობებთან და შესაბამისად პროფესიაა პედაგოგი უნდა იყოს დაფასებული.
2017 წლის პირველი იანვრიდან პედაგოგების საშუალო ხელფასი იქნება 800 ლარი და ეს ციფრი, რა თქმა უნდა,მომავალშიც გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად“,-განაცხადა მან.
კახა კალაძის თქმითვე, ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში გაგრძელდება.
„ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ქვეყნის განვითარების მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. რამდენიმეხნის წინ, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა ქვეყნის განვითარების გეგმა, თუ რას აპირებს პარტია„ქართული ოცნება“, რას ჰპირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი. ძალიან ამბიციური გეგმაა, მაგრამ ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ამ გეგმას აუცილებლად შევასრულებთ და ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო. თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად. რა თქმა უნდა, მარტო ამის განხორციელება იქნება შეუძლებელი, თუ არ იქნება თქვენი თანადგომა და თქვენი მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ამას ჩვენ ერთობლივად, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ“-აღნიშნა მან.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მთავარ მონაპოვარს, რასაც თავისუფლება ჰქვია.
„ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი თქვენთან ერთად, რადგან, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მარტო ამის გაკეთება 2012 წელს, რომ არ ყოფილიყო ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან ჩვენ ვგრძნობდით. ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი ეს არის- თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იდევნებიან,ქვებით და ხელკეტებით არ დასდევენ. ხომ ყველას, თითოეულ თქვენგანს ახსოვს,თუ როგორი დამოკიდებულება იყო 2011-2012 წლებში ჩვენს მიმართ, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. როგორი შანტაჟი მიდიოდა, ჩართული იყო პოლიცია, შესაბამისი სამსახურები, მიდიოდა დაშინებები ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს,ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე, იძალადებენ განსხვავებულ აზრზე, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, ქვეყანაში უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური კულტურის ახალი საფეხური, რომ დავანახოთ ყველას, ქვეყანაში საჭიროა მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთპატივისცემა. პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. უნდა იყოს განსხვავებული აზრი, რა თქმა უნდა, ქვეყანაში. თუ ჩვენ ყველა ერთნაირად ვიაზროვნებთ, ერთნაირი შეხედულებები გვექნება, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და ქვეყნის წინსვლა“,-განაცხადა კახა კალაძემ.